logo
ENG



თურნავა კანდელაკს: არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც მითოლოგიურ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

18 სექ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა კანდელაკს: არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც მითოლოგიურ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

"არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს," - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, კრიტიკას.

კანდელაკმა პარლამენტში გამოსვლისას მინისტრს კითხა, ხომ არ უკავშირდება ზოგიერთ უსაფრთხო ქვეყანასთან საზღვრის არ გახსნა მოახლოებულ არჩევნებს და ამომრჩევლის ქვეყანაში ვერდაბრუნების სურვილს.

თურნავას თქმით, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, არჩევნებზე ხმის მიცემა ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია. 

"ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა პარლამენტში ფრენების შეზღუდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებებით ადამიანები შიმშილის წინაშე დააყენა. 

დღეს, 18 სექტემბერს პარლამენტში ნათია თურნავას უსმენდნენ. ეკონომიკის მინისტრი ინტერპელაციის წესით ევროპულმა საქართველომ დაიბარა. 


close დახურვა